დოლიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  2018 წლის 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი, მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, ბრალდებულმა მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეზე,  2019 წლის ოქტომბერში 3 პირია დაკავებული. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება 2 პირი.

გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.