საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, რეგიონის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

უწყების ცნობით,  ამჯერად, პატრულ-ინსპექტორები ქალაქ რუსთავის N15 საჯარო სკოლას ეწვივნენ და პირველკლასელი მოსწავლეებისთვის საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს.

“სამართალდამცველებმა ბავშვებს ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს და სკოლასთან მდებარე “ზებრა”- გადასასვლელზე პრაქტიკული სწავლებაც ჩაუტარეს.

სამინისტროს ცნობით, პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. იგი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.