რუსთავში ჰაერის დაბინძურების ახალი რეკორდი დაფიქსირდა – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის ცნობით, რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია.
ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი და პროცენტული წილი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა და PM2.5-ზე ნაწილდება.
პორტალის ცნობით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ფიქსირდება.
ამავდროულად, რუსთავში, ჰაერში „co“-ს კონცეტრაციები 2 კვირაზე მეტია აღარ იზომება. მიზეზად კი ტექნიკური ხარვეზი სახელდება.
“ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გაზომვები,” – აღნიშნულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქის სტატუსის შემდეგ, რუსთავი მძიმე ეკოლოგიური პირობებით, ევროპის კონტინენტზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს და ქალაქი ჰაერის დაბინძურების კუთხით, ევროპაში პირველ ადგილზეა.