იტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები რომში იკრიბებიან

იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეჩერების შედეგად იტალიაში დარჩენილი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნდებიან. მათ გამომგზავრებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დამუშავებულია ყველა იმ მოქალაქის მონაცემი, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდგომ, იტალიაში საქართველოს საელჩოს მიმართა. მათი გამომგზავრება საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროტოკოლით მოხდება. საქართველოს საელჩო ყველა მათგანთან მუდმივ კავშირზე რჩება, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან პირველადი საჭიროების ნივთებით. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საქართველოს მოქალაქეები რომში შეიკრიბებიან, საიდანაც მოხდება მათი გამომგზავრება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე შემოწმდებიან.

„შეგროვებულია ინფორმაცია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელთა ტრანსპორტირებაც მოხდება უახლოეს მომავალში იტალიიდან საქართველოში. ეს მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და მიმდინარეობს ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი. საქართველოს საელჩომ უზრუნველყო მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვის, ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, როგორც აღვნიშნეთ, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავლენ.

იტალიის ხელისუფლების ახალი ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.

9 მარტს ახალი ტიპის კორონავირუსისგან იტალიაში 97 ადამიანი დაიღუპა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსისგან იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა.