მართვის მოწმობის მისაღები გამოცდები დროებით უქმდება

 კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება. 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა  სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში შეეძლებათ, რიგის დაჯავშნის გარეშე.

  პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა  სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეეძლებათ.

  ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

  რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში.

  ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.