საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის სხდომა პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყო

პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. საკანონმდებლო ორგანოში კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობენ. 

 საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ,,საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება წარუდგინა.

„ეს ბრძოლა ჩვენია! თითოეული ჩვენგანის! ამ ბრძოლაში ან ერთად  გავიმარჯვებთ, ან ერთად დავმარცხდებით“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ,,საგანგებო  მდგომარეობის შესახებ“ ბრძანება და „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შეასახებ „ დეკრეტი წარუდგინა.

,,დღეს, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის საფუძველზე,  გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ  ტერიტორიაზე.

 

კონსტიტუციის თანახმად და რეგლამენტის 83-ე მუხლის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ბრძანებას საგანგებო  მდგომარეობის შესახებ, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. ეს ბრძანება ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის შემოღებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამ ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთავრობასთან ერთად, ჯანდაცვის სისტემის პროფესიონალების მოსაზრებების გათვალისწინებით. 

ეპიდემიის მეორე ეტაპზე გადასვლის დროს, როცა მოსალოდნელია სიტუაციის  დამძიმება,  მკაცრი წესების შემოღება აუცილებელია. მათი აღსრულების ყველა ბერკეტი სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელია იმისათვის, რომ მთავრობამ შეძლოს შექმნილი ვითარების ეფექტიანად მართვა და მის აუცილებელ ნაბიჯებს მიეცეს სამართლებრივი საფუძველი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა .