დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,კორონავირუსით ინფიცირებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„თებერვლის დასაწყისიდან ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომელიც იყო და არის დაკვირვების ფაზაში. აქედან ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა. ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა კორონავირუსული ინფექციით. სამი ავადმყოფი, რომელიც მოთავსებულებია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს გრძნობს კარგად, მხოლოდ ერთთანაა მცირე სიმპტომები, მაგრამ სამივე ავადმყოფის ზოგადი კლინიკური მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში დაკვირვების ქვეშ 150-მდე ადამიანია.
„კარანტინში დღევანდელი დღით დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150-მდე ადამიანი. როგორც მოგეხსენებათ, ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეებში. ეს გახლავთ აბასთუმანი, საჩხერე, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილება, ვივა-მედი, ასევე მოგეხსენებთ უკვე იღებს საკარანტინოდ და ასევე შესაძლებელია გარკვეულად მონიტორინგიც, გორის სამხედრო ჰოსპტალი და ასევე, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში. შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, 5 არის სეფსისის ცენტრში და 7 ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში, სადაც ინფექციური პროფილის ორი საავადმყოფოა“,- განაცხადა გამყრელიძემ.









