ამირან გამყრელიძის ბრიფინგი – კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში 30 იანვრიდან 319 შესაძლო შემთხვევა გამოიკვლიეს. ამ დროის მონაცემებით კორონავირუსული ინფექციის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში იყო 39 შემთხვევა გამოკვლეული რომელთაგან 3 დადასტურდა. 12 დან უმეტესობა იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს უკავშირდება, ხოლო 2 ირანთან მოგზაურობას. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 76 ადამიანია შესწავლილი და დამატებით 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს… 

ჩვენთვის ყველაზე დამაზიანებელი გახლავთ იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები ან იტალიელი ტურისტები. მოვუწოდებ ადამიანებს,რომლებიც ბრუნდებიან იტალიიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან ან სხვა ქვეყნებიდან, თუ დაუფიქსირდებათ რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია, მიმართონ ოჯახის ექიმის ან პირდაპირ ინფექციურ დაწესებულებას”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის  შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს 97 ქვეყანაშია დადასტურებული. მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა, შემთხვევების მატება, მთავარია, დიაგნოზი დროულად იქნეს დასმული და კონტაქტების იზოლირება ან სწრაფი კვლევის ჩატარება მოხერხდეს.