ამირან გამყრელიძე – 3-4 დღეში ქვეყანაში სავარაუდოდ, ახალი გამოჯანმრთელების შემთხვევები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ სამ-ოთხ დღეში ქვეყანაში ახალი გამოჯანმრთელების შემთხვევები იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორამციით,კორონავირუსის ინფექციაზე დღეს კიდევ 100 ნიმუში გაიტესტება.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 43 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა.

„შემთხვევათა უმეტესობა გახლავთ იმპორტირებული. მოგეხსენებათ გუშინ გვქონდა 40 და დღეს დაემატა დილისთვის სამი შემთხვევა. კვლევაშია კიდევ რამოდენიმე ნიმუში და დღეს ალბათ კიდევ გაიტესტება დაახლოებით 100-მდე ნიმუში. სულ ქვეყანაში 30 იანვრიდან მოყოლებული გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან, 43-ში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1575 ადამიანი, და ასევე, იქიდან და თვით იზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191. თვით იზოლაციაში ჯერ კიდევ იმყოფება 1781 ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.