არავითარი საფუძველი სასურსათო კრიზისის არ არის-ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული

არავითარი საფუძველი სასურსათო კრიზისის არ არის,გამართულია ყველა მსხვილი სასურსათო ობიექტი,არის მარაგი-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით,სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მხარის პირველი პირის ინფორმაციით, მთავრობა ვირუსის გავრცელების შეჩერების ეტაპზეა. შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მოსახლეობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ და შეზღუდვების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. 

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არავითარი საფუძველი სასურსათო კრიზისის არ არის, გამართულია ყველა მსხვილი სასურსათო ობიექტი,არის ყველა მარაგი. არის ის მარაგი,რომელიც მოწყვლად ჯგუფებს ეხებათ, არის ორგანიზებული და მიეწოდებათ მათ ადგილზე, შესაბამისად დაფასოებული ულუფა,რაშიც გვეხმარებიან მოხალისეები, მადლობა მათ და ეს ყველაფერი  ძალიან ორგანიზებულია. 

 ვართ ვირუსის შეჩერების ეტაპზე,რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით,უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო გაწეული შრომისთვის.არის გამოწვევები, არის შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა გაიგებს და იმ ჩარჩოებში ჩაჯდება , შეიკავებს თავს გადაადგილებისგან და სასურველია ,მაქსიმუმ ორი კვირა დავრჩეთ ადგილებზე და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას”-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა. 

ამასთან, მხარის პირველმა პირმა რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენი რეგიონი განსაკუთრებით სპეციფიურია, რადგან ეთნიკური შემადგენლობა და გარკვეული ენობრივი ბარიერი პრობლემებს ქმნის,თუმცა ჩვენ სავალდებულო ინსტრუქციები ვთარგმნეთ და დღესაც მიმდინარეობს ამ რეკომენდაციების გავრცელება. ძალიან შეგნებულად უდგება ჩვენი მოსახლეობა მოთხოვნებს,იმიტომ,რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარეშე მთავრობის ეფექტურობა შეუძლებელია. “-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

” გვეთანამშრომლებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ,მასობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები  და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტიურად სპორტული კომპლექსები, სპაცენტრები ,რესტორნები,საზოგადობრივი  თავშეყრის ობიექტები არ ფუნქციონირებენ და ეს ყველაფერი იქნება კიდევ უფრო მეტად ,ხვალ და ზეგ მკაცრად გაკონტროლებული.”-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.