“სახელმწიფო ამ მომენტისთვის აკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და მინიმალური იყოს ზიანი ეკონომიკაზე, რომელიც საბოლოოდ თითოეულ ოჯახზე აისახება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
“განვიხილეთ საკითხები 3 მნიშვნელოვან თემაზე. პირველი ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანმრთელობა, სადაც ყველა შესაძლო ზომა და ნაბიჯი არის გადადგმული როგორც პრევენციის კუთხით, ასევე კლინიკური და მკურნალობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით ყველა მოქალაქემ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამსახურების მიერ არის გაცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმ კარგი შედეგების შენარჩუნებას, რომელიც მიღწეული არის ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და მოკავშირე სამსახურების მიერ. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით 2 კვირიანი ვადის მოგება როცა მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ტენდენცია არის მზარდი საქართველო თითქმის 2 კვირით ჩამორჩება ამ ტენდენციას.
მეორე მნიშვნელოვანი თემა არის ეკონომიკა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. არსებობს კონკრეტული გეგმები, მიღებულია კონკრეტული ზომები, გადადგმულია ნაბიჯები, მაგრამ ასევე არის დამუშავებული შემდგომი სცენარები და ის მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ შეიძლება, გამოიყენოს ბიზნესის და თითოეული დასაქმებულის, ასევე, იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც არ არის დასაქმებული და სახელმწიფოს მხრიდან დამატებით დახმარებას საჭიროებს.
მესამე მნიშვნლოვანი თემა ეს არის პოლიტიკური პროცესი და საკანონმდებლო ცვლილებები, რაზეც შეთანხმება არსებობს პოლიტიკურ სპექტრში აქაც ჩვენ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ იმ ვალდებულებების შესრულება რაზეც პოლიტიკური შეთანხმება არის მიღწეული და შევეცდებით, ამ ვადებში ჩავეტიოთ.”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე დამატებით განხილული იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მექანიზმების საკითხი. მისი თქმით, პარლამენტის მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ როდესაც იქნება ამის საჭიროება მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნაზე, პარლამენტი მზადაა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.