აშშ-ის საელჩო ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა.

 მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.

 ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) გამოვიდა.

აშშ-ის საელჩო ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, როგორც არასდროს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საჭიროება კრიტიკულად აუცილებელია.

“დღეს, როგორც არასდროს, ვხედავთ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის კრიტიკულ საჭიროებას მსოფლიოში. არსებულ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი ჟურნალისტები საზოგადოების ინფორმირებისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო როლს ასრულებენ. ქართული ჟურნალისტიკის დღეს, გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მივულოცოთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებს, რომლებიც ხალხს დაუღალავად, მედიის ეთიკისა და სწორი გაშუქებისადმი სრული ერთგულებით ემსახურებიან. გმადლობთ!”- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.