თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქვემო ახალშენში ახალი აღმოჩენები დაფიქსირდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, მოპოვებული მასალის პერიოდი იწყება მტკვარ-არაქსის (ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევარი — III ათასწლეული) პერიოდიდან გვიანი შუა საუკუნემდე (XVII-XVIII).
აღსანიშნავია, რომ საფორთეფიკაციო ნაგებობა განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და მშრალი წყობით არის ნაგები, რაც ძალზედ იშვიათობაა.
“გოდერძი ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით, გაითხარა ძველი ნაქალაქარი, სადაც არქეოლოგიური არტეფაქტები საკმაოდ მრავლად არის, დადგინდა მისი არქიტექტურული ფორმები. ჯერ-ჯერობით სამეცნიერო კვლევით ეტაპზე ვართ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს საკონსერვაციო ეტაპზე გადავალთ” – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს ინფორმაციით, 5 თვეა ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები არ გაჩერებულა.
პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აფინანსებს.










