მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის წესების შესახებ ორ ენაზე სპეციალური გამოცემები დარიგდება

 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, მარნეულის ბლოკ-პოსტთან ქვემო ქართლის რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში გასავრცელებლად, გაზეთ „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები გადასცა.

გამოცემები ორივე მუნიციპალიტეტში დარიგდება, ისინი მოსახლეობისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

მასალები  საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის დროს ქცევის წესებს მოიცავს, ინფორმაციას „კოვიდ-19-ის შესახებ, რეკომენდაციებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებს N180 და N181, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებებს.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, აპარატი ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც აზერბაიჯანულად, ასევე სომხურად თარგმნის და ავრცელებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, დადგენილებებს, შეზღუდვებს, წესებს, რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.

„კოვიდ“-19-ის გავრცელების პრევენციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად გავრცელება და რაც მთავარია გათავისება. მოგეხსენებათ ისიც, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გვყავს მოქალაქეები, რომლებიც არ საუბრობენ ქართულად და საუბრობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, სწორედ ამიტომ, ჩვენი აპარატის ინიციატივით, ყველა ის ინფორმაცია, რეკომენდაცია თუ დადგენილებები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ, ინტენსიურად ითარგმნება მათ მშობლიურ ენაზე და ვრცელდება.

იმის გამო, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის მოთხოვნები რომ მივიტანოთ მოსახლეობამდე, სპეციალური გამოშვებები გამოიცა „ვრასტანის“ და „გურჯისტანის“. ეს არის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთები, რომელშიც გაწერილია, როგორც 180-ე და 181-ე დადგენილებების მოთხოვნილებები, ასევე შეზღუდვებთან ერთად არის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ. რეკომენდაციების დაცვა არის ყველას პასუხისმგებლობა, არამხოლოდ საკუთარი ახლობლების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.

ჩვენ ყოველდღიურად ეს იქნება ფლაერების, სტიკერების სახით თუ სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით, ვავრცელებთ თარგმნილ ინფორმაციას და გვინდა, რომ მოვუწოდოთ მარნეულის და ბოლნისის მოსახლეობას, რომ დაიცვან ეს რეკომენდაციები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ლია გიგაურმა.