ბოლნისის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. დღეს შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა 5 სკოლის შიდა ტერიტორია სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშავეს. სკოლების გარდა დეზინფექცია სხვა მუნიციპალურ და საჯარო დაწესებულებებსაც ჩაუტარდებათ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე კვლავ ჩატარდება.