ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საკარანტინო ზონებში, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება გრძელდება.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 8 ადამიანი იმყოფება, რომელთა საკვლევი მასა თბილისშია გადაგზავნილი.
“ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მონიტორინგს მობილურ ჯგუფებთან ერთად ტემპერატურულ სკრინინგთან დაკავშირებით.
ის პაციენტები ვინც საველე ჰოსპიტალში იყვნენ და ელოდნენ დასკვნას, ყველანი უარყოფითი დასკვნით არიან კვლევის შედეგად. მაგრამ გუშინდელი საღამოდან დღემდე, საველე ჰოსპიტალში არის 8 შესაბამისი სიმპტომატიკის და საჭირო კვლევის პერსონა, რომელთა საკვლევი მასალა გადაგზავნილია თბილისში და ველოდებით დასკვნას. მათ შორის არის 2 ადამიანი, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოსვლა უფიქსირდებათ და ასევე, არის ერთი ადამიანი რომელსაც აშშ-ს მოქალაქეებთან 11-13 მარტის პერიოდის კავშირები უფიქსირდება,” – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში სატრანზიტო მოძრაობა კონტროლს ექვემდებარება და ბოლნისსა და მარნეულში პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს.
“სატრანზიტო მოძრაობა კონტროლს ექვემდებარება და დარეგულირებულია. შემოდიან დირსტრიბუტორები. ყველა საჭირო პროდუქი არის დახლებზე და საბითუმო სივრცეებში. საწყობებში რაიმე კრიზისი არ გვაქვს სასურსათო, მედიკამენტური და საწვავის.
მობილური ჯგუფი დღესაც აგრძელებს შემოვლას ორივე მუნიციპალიტეტში,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.