ბოლნისში შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგების პროცესი გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში სოციალურად დაუცველებისთვის, მარტოხელა პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის სურსათის დარიგების პროცესი განახლდა.

ბოლნისის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგებაში კერძო პირები აქტიურად არიან ჩართულნი. მისი ცნობით, კერძო პირების დახმარებით, 120 შეჭირვებული ოჯახისთვის 50-ლარიანი სასურსათო პაკეტი მომზადდა.

ბოლნისის მერიის მოადგილის  ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 940 ოჯახს პირველადი მოხმარების სურსათი დაურიგდება.

„ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა მარტოხელა მოხუცი გვყავს ჩართული შინმოვლის პროგრამაში, მაინც ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფის საშუალებით, თითოეულთან განმეორებით მივსულიყავით და მიგვეტანა ის პირველადი აუცილებელი საკვები პროდუქტები, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში უზრუნველყოფდა საკვებ პროდუქტებზე საჭიროებას. გარდა ამისა, რაიონიდან წასული ყველა ბიზნესმენი, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა და აქვს საშუალება დაუდგეს თავის ქალაქს გვერდით, მზადაა ჩვენი თანადგომის და 540 ოჯახზე უკვე დარიგდა მათი შემწეობებით სასურსათო პაკეტები. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო პროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო ზონაში ვართ, სპეციალისტები შესაბამისი სამსახურებიდან ადგილებზე გვყავს, რომლებიც უზრუნველყოფენ ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პირების სამედიცინო მომსახურებას, რომელიც პროგრამით არის გათვალისწინებული. სტუდენტებს სტიპენდიებს ვურიცხავთ და ყველა ის პროგრამა, რომელიც ჰქონდა წარმატებით ხორციელდება და ეს მიიღწევა იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთმანეთთან კოორდინაციაში ახორციელებს რომელიც მთავრობამ დაგვისახა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა.