ბოლნისში 540-მდე ოჯახს სურსათი დაურიგდება

 ბოლნისის მუნიციპალიტეტიში 540-მდე ოჯახს სურსათი დაურიგდება, მუნიციპალიტეტის  ინფორმაციით კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ.

„ეს სასურსათო პაკეტები არის კერძო პირების შემოწირულობებით შეძენილი, რომელიც უნდა დაურიგდეს სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, 530-ზე ცოტა მეტ ოჯახს. ეს არის პირველი მასობრივი დახმარების პაკეტები. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ კიდევ შევძლებთ, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ. ჩვენ მოვახერხეთ დღეს 25 ტონა ფქვილის შემოტანა. არანაირი პრობლემა არ არის, ნებისმიერი რაოდენობის ფქვილი შემოვა. სახელმწიფომ ცხრა პროდუქტზე ფასები დააზღვია თავისი მონაწილეობით, ანუ არსებული ფასით მოხდება რეალიზება. პროდუქციაზე დეფიციტი არ არის, ადგილობრივი საცხობებიც ჩვეულებრივად მუშაობს“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ასევე პირბადეების დარიგება იგეგმება,  რომელიც მუნიციპალიტეტს ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა.

მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, თავდაპირველად პირბადეები კერძო ობიექტებში დასაქმებულ მომსახურე პერსონალს გადაეცემათ, ასევე მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალოდ აქვთ მოქალაქეებთან კონტაქტი.

სურსათის დასაწყობების პროცესს მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.