ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგოამრეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, 96 მოქალაქე საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო დაჯარიმდა. ასევე, 3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო დაჯარიმდა. მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა 13 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.