კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩებსა და სასურსათო მაღაზიებში “წითელი ჯვრის” მოხალისეებმა ადგილობრივებს ორენოვანი საინფორმაციო და სარეკომენდაციო ბროშურები დაურიგეს.
ღონისძიების ფარგლებში მოხალისეებმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს აზერბაიჯანულ ენაზე ვერბალურად ის რეკომენდაციები გააცნეს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გასცემს.
“ჩვენ ვცდილობთ, განუხრელად დავიცვათ უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციები და დირექტივები, რომლებიც მნიშვნელოვანია და თვითმმართველობის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენლები სისტემატურ კონტროლზე აყვანით ახორციელებენ ურთიერთობებს მოქალაქეებთან. მუნიციპალიტეტს მხარდამხარ აქტიურად მუშაობენ საქართველოს “წითელი ჯვრის” მოხალისეები. ისინი საინფორმაციო ბროშურებს ურიგებენ მოსახლეობას და უხსნიან იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შესაბამისი უწყებების მიერ არის გაცემული”,- აღნიშნა მერის მოადგილემ, რევაზ ეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი – “კორონავირუსის (COVID-19) შესახებ ინფორმაციის გავრცელება ეთნიკურ უმცირესობებს შორის” ფარგლებში ხორციელდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სპეციალური საინფორმაციო ბროშურები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა.