საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა ჩინური კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და იანვრის თვეში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საკარანტინო პერიოდი გაიარეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ – „არც ერთ მათგანს კორონა ვირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ გამოუვლინდა. ჩინეთის მოქალაქეებმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, საკარანტინო პერიოდი გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, იზოლირებულად, ჯანდაცვის წარმომადგენლების მონიტორინგის ქვეშ. ჯამში, საკარანტინო პერიოდი 83-მა ჩინეთის მოქალაქემ გაიარა“ .
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ჩინელი კონტრაქტორების მხრიდან შეჩერებულია ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე.