გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში სკრინინგის პროცესი 3-4 დღეში დასრულდება

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში უკვე 27 000 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა.

მისივე თქმით, პროცესი 3-4 დღეში სრულად დამთავრდება. ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 27 ადამიანი კარანტინის, ხოლო 310 თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

“21 საექიმო ჯგუფი მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში. დაახლოებით, 20-მდე დასახლებულ პუნქტში დასრულდა ეს ღონისძიება უკვე. სრულად მოიცვეს შედარებით პატარა სოფლები. დღეს არც ერთი ცხელების ფაქტი არ ყოფილა გამოვლენილი.

რაც შეეხება ზოგად სურათს, 27 ადამიანი გვყავს ჩვენ საკარანტინო დაახლოებით, 310 გვყავს თვითიზოლაციაში,” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 1 400-მდე ოჯახს სასურსათო კალათა დაურიგდება. ასევე, იგეგმება, ოჯახებისთვის პირბადეების დარიგება.