გოგი მეშველიანი – ბოლნისში პანიკის არანაირი ნიშნები არ არის

 საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის თქმით, ბოლნისში ვითარება სრულად კონტროლირებადია და პანიკის არანაირი ნიშნები არ შეინიშნება. ბოლნისში საკარანტინო ზონაში  ვითარებას  შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს, პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ძალები.

„მობილიზებულია ჯანდაცვის სამსახურები, თვითმმართველობა, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დაიწყებენ უშუალოდ რისკის ზონებში თითოეული მოქალაქის შემოწმებას სპეციალური თერმოსკანერით და თითოეული საეჭვო შემთხვევისას, როგორც კი სამედიცინო პერსონალს გაუჩნდება ვარაუდი, რომ პიროვნება შეიძლება, დაავადებული იყოს ახალი კორონავირუსით, თითოეული ადამიანი გადაყვანილი იქნება საკარანტინო ზონებში, სადაც მათ ჩაუტარდებათ სწრაფი ტესტი, ხოლო, თუ სწრაფმა ტესტმა გამოავლინა ვირუსის შემთხვევა, ოპერატიულად იქნებიან მოთავსებული სპეციალურ ზონაში, სადაც დაიწყება მათი მკურნალობა“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მისი თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით შექმნილია ოპერატიული შტაბი.

„ყველა ოპერატიული მესიჯი თავს იყრის ამ შტაბში. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია და შეიძლება, ითქვას, რომ ნებისმიერი საკითხი, მათ შორის მძიმე ავადმყოფების გამოყვანა, სხვადასხვა სურსათის მიწოდება თუ სხვა, ხდება ოპერატიულ რეჟიმში. სურსათის უზრუნველყოფას აგვარებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, დეპუტატის თქმით, „ადგილობრივი მოსახლეობა შეშფოთებულია, თუმცა, ხედავენ რა ხელისუფლების ოპერატიულ მუშაობას, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, იმედიანად არიან მთლიანობაში განწყობილები“.

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.