ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში გამოვლენილი კორონავირუსის ფაქტთან დაკავშირებით, დაახლოებით, 80 კონტაქტი შემოწმდა. შემოწმებული პირებიდან, ვირუსის სიმპტომები არც ერთს დაუდასტურდა და ტემპერატურა კლინიკური ნიშნების გარეშე, მხოლოდ ერთ ადამიანს აღმოაჩნდა.
„დაახლოებით 80 ადამიანი შემოწმდა. არ დადასტურდა არავითარი სიმპტომი დაავადების. ერთადერთი კონტაქტია, რომელსაც 37.4 აქვს ტემპერატურა, თუმცა არავითარი კლინიკური ნიშნები გამოხატული არ არის. თვითიზოლაციაში გრძელდება მასზე დაკვირვება, ამიტომ დამაიმედებელი ინფორმაციაა. ეს ხალხი არის მკაცრ კონტროლზე და შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიტორინგს ახორციელებს“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე პროდუქტზე რიგები არ არის.
„მარნეულში მნიშვნელოვანი ობიექტია წისქვილკომბინატი, საიდანაც საქართველოს აქვს უზრუნველყოფილი ფქვილით მომარაგება. ვესაუბრეთ საწარმოს ხელმძღვანელობას. ვიცით ის სატვირთო გადაზიდვები. შეთანხმებულია და ხვალიდან როგორც საჭირო იქნება, შეუფერხებლად გაგრძელდება ტრანსპორტირება. არ არის რიგები და პროდუქტის კრიზისი. ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს ეს ორი მუნიციპალიტეტი. დმანისში არის უხერხულობა და გამოსავლზე ვიფიქრებთ. ბანკებში არის საინკასაციო პროცედურები გასავლელი. ჩვენ ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას და ამ პროცესების შეუფერხებლად ჩატარებას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.









