“დასაშვებად მივიჩნევთ, ზიარების შემდგომ სასმელის მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს”

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს.

საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს,  საზღვარგარეთ წასვლისაგან თავი შეიკავონ, ხოლო მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა  იზოლაციის წესი განსაკუთრებით დაიცვან.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში ჩვეული წესით აღევლინება, თუმცა დასაშვებად მიიჩნევა, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს.

„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.

სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.

წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები”- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.