დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის გარდა,საარჩევნო მოდელს ყველა დეპუტატი მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატები 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერენ, გამონაკლისი მხოლოდ  დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილია.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვთ.

მისი თქმით, კითხვები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების მხრიდან ისმოდა, პასუხგაცემულია და მათ ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმება-კომპრომისთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვთ.

„კითხვებზე პასუხებია გაცემული, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ყველა მაჟორიტარისთვის. გამონაკლისია კახა ოქრიაშვილი, რომელიც საკმაოდ ხისტ პოზიციაზე იყო და დღესაც ასეთივე ხისტ პოზიციას აფიქსირებს, მაგრამ ყველა სხვა მაჟორიტარი ამბობს, რომ რადგან შერეული სისტემა შენარჩუნებულია, მართალია უფრო ცოტა მაჟორიტარული ოლქით, მაგრამ მაინც და თან ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი არსებობს, რომელიც 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ეხება, ისინი ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავენ“, – დასძინა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს და აცხადებს,რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყანაზე უარყოფითად აისახება. 

“მე არ მგონია, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უჭერს მხარს ამ პროექტს და ეს შეთანხმება მოხდა. მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები , რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას – კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებას იწვევს.

და აი, მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის – რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთო”- აცხადებს დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, 8 მარტს, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.