ეთნიკურ უმცირესობებს კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები დაურიგდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები დაარიგეს.

მასალები ორ ენაზეა შექმნილი და კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს მოიცავს.

სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, აზერბაიჯანულ ენაზე 32 000 ფლაერი და 1200 პოსტერი დაიბეჭდა და დარიგდა.  გარდა ამისა, ნინოწმინდაში  სომხურენოვანი 16000 ფლაერი და 600 პოსტერი გაიგზავნა.

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა შესაძლო საშუალებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ითარგმნა ვიდეორგოლები. შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ქვემო ქართლის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს და მარნეულის მერ ზაურ დარგალს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად მარნეულის ბლოკ-პოსტთან გადასცა 2000-2000 ეგზემპლარი სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ. ასევე, ჩვეულებრივი საგაზეთო გამოცემები კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge – ს აზერბაიჯანულენოვანი ვერსია უკვე ამოქმედებულია და რამდენიმე დღეში საიტის სომხურ ენაზე ამოქმედება იგეგმება.