ერთ პაციენტთან კორონავირუსის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის

თბილისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებული ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურად რჩება, არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მან ბოლო ორი დაინფიცირებულის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთს პნევმონია აქვს, მეორეს კი, კომპიუტერული ტომოგრაფია დღეს ჩაუტარდება.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, მესამე პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით დღეს ტესტი ჩაუტარდა და შედეგი უარყოფითია. გარკვეული ინტერვალის შემდეგ ტესტი ხელახლა ჩატარდება.

„მესამე პაციენტთან დღეს ჩატარდა გამოჯანმრთელებისთვის ჩასატარებელი ტესტი და მასთან უარყოფითია მიღებული. 24 საათიანი ან ცოტა მეტი ინტერვალით კიდევ გადაკონტროლდება. რაც შეეხება ნომერ მეორე პაციენტს, მასთან ჩატარებული ტესტირებით უბრალოდ გახანგრძლივდა ტესტირებისთვის საჭირო ვადები, ამის გამო, მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდება ტესტირება ვადის დასრულებისას და შედეგებს მოგახსენებთ.”-აცხადებს ეზუგბაია

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ქვეყნის შიდა გავრცელებაზე ჯერ საუბარი არ არის, ამასთან, მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი ინფექციის გადაცემის წყარო.

„ჩემთვის როგორც ცნობილია, ჯერ შიდა გავრცელებაზე ლაპარაკი არ არის. ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი, დანარჩენ შემთხვევებში, ინფიცირების წყარო, ყოველ შემთხვევაში, მოგზაურობის ისტორია არსებობს თითოეულ პაციენტზე ან კონტაქტში მყოფი პაციენტები მოგზაურობის ისტორიაში მყოფ პაციენტებთან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ასეთი მკვეთრი წყარო არ არის ცნობილი.

თუ არ იქნა საკმარისი დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ღონისძიებები, რომლებიც ახლა ტარდება,  ეს შეფასდება და თუ ვერ ვუმკლავდებით ამ ეტაპზე არსებული ღონისძიებებით, ალბათ გამკაცრდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიმღები არის ჯანდაცვა და სახელმწიფო“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.