ბანკები გარკვეული სახის ბიზნესს და ფიზიკურ პირებს შეღავათებს სთავაზობენ.
„თიბისი ბანკი“ ფიზიკურ პირებსა და გარკვეული სახის ბიზნესს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბანკი განმარტავს, რომ საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას“, – აცხადებს ბანკი და აღნიშნავს, რომ დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.
მანამდე განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბანკმაც“. ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
„ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.
ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.
თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.