ზოგადად სიტუაცია კონტროლდება და ინფექციის გავრცელების ტემპი არის სრულად მართვადი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯერ-ჯერობით საქართველოში ეპიდემიის ტენდენციები კეთილსაიმედოა.
„დღეს ჩვენ ვართ 90 შემთხვევაზე და კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება იყო ერთეული. ზოგიერთი დღე იყო შემთხვევის მატების გარეშეც ან ორ და სამ შემთხვევაზე, რაც ამ პირობებში არის საკმაოდ კარგი და კეთილსაიმედო ტენდენცია მატების. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად სიტუაცია კონტროლდება და ინფექციის გავრცელების ტემპი არის სრულად მართვადი. ეს სრულად შეესაბამება იმ პროგნოზებს, რომელიც ჩვენ თავიდანვე გვქონდა, პირველი შემთხვევის გამოვლენის დღიდან, თუ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებდით ყველა იმ შედეგს, რომელიც უნდა მოეტანა სოციალურ იზოლაციას და სხვა ღონისძიებებს. ამით ჯერჯერობით ეპიდემიის ტენდენციები კეთილსაიმედოა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს საქართველო უკვე გადავიდა შეკავების ეტაპზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ეპიდემიის გავრცელების ტემპის შენელება ყველაზე კარგი გამოსავალია სიტუაციაში.
„ამგვარად, ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება – კარანტინი, სოციალური იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების გამოკვლევა ეს არის ყველაფერი ის, რაც საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ეფექტურად შეაკავოს ტენდენციები. ინტენსივობა ამ ჩარევების, პირველი შემთხვევის გამოჩენამდეც იყო საკმაოდ მაღალი, მაგრამ კვლავაც დღეს ყველაზე აქტუალურია სოციალური დისტანცირების საკითხი და ის, რომ ადამიანებმა დაიცვან ის წესები, რომელთაც მათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები აწვდიან. ეტაპობრივად და ყოველდღიურად ჩვენ ვადევნებთ თვალს მსოფლიო სტატისტიკას, ჩვენი ეპიდემიის მიმდინარეობას და გადაწყვეყილებებისა და ინტერვენციების გადახედვა ხდება ამის მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ღონისძიება, რაც დღეისთვის განიხილება, არის მეტად აქტიური ჩართულობა პირველადი ჯანდაცვის სამსახურების, რომელიც იქნება თავდაპირველად სატელეფონო კონსულტაციის სახით, რათა ყველას ჰქონდეს ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება. სატელეფონო კონსულტაცია მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ დავიცვათ ოჯახის ექიმები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტისგან, თუ ამის აუცილებლობა არ იქნება. ამიტომ, პირველ რიგში სჯობს, რომ გვქონდეს სატელეფონო კავშირი და მაქსიმალურად შევზღუდოთ როგორც ადგილზე ვიზიტები, ასევე ბინაზე ვიზიტები, თუმცა თუ ამის აუცილებლობა დარჩება, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მზად არის, ესეც განახორციელოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.