ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, ყველა პირი საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.
ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.
უწყება კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და აღნიშნულ რეგულაციებს დაემორჩილონ.