შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 13 სხვადასხვა მოქალაქის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწიეს მათ კუთვნილ ინტერნეტ-ბანკისა და ონლაინ-აზარტული თამაშების ელექტრონულ ანგარიშებზე, რის შემდეგაც, ამ სისტემის მეშვეობით, სხვადასხვა ხერხით დაეუფლნენ, ჯამში, 42 000 ლარს.სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ.
დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, თბილისში, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულები დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 22 000 ლარს დაეუფლნენ.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ონლაინ ტოტალიზატორების 1000-მდე მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, სხვადასხვა სახის პერსონალური მონაცემები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ანგარებით ჩადენილ პერსონალური მონაცემების ხელყოფის, ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.









