ინფექციურიდან რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 13 პაციენტი გადაიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, გუშინ გვიან ღამით თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან რესპუბლიკურში 13 პაციენტი გადაიყვანეს. პაციენტები საკარანტინო ზონაში არიან მოთავსებული. 4 მათგანს  ტემპერატურის მცირედით მატება აღენიშნებოდა, თუმცა სხვა სიმპტომები, რაც კორონავირუსზე მიუთითებს, პაციენტებს არ აქვთ. 

კლინიკის დირექტორის განცხადებით, პაციენტების გადმოყვანა იმით იყო განპირობებული, რომ ინფექციურში მათი რაოდენობა გაიზარდა და კლინიკა გადაიტვირთა. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო 88 პაციენტის მისაღებად არის მზად.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პოზიტიურად პროგრესირებადია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.