ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე, საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ – ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა.
ადამიას განცხადებით, მოქალაქეებმა ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.
„ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას, რის საფუძველზეც მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური და დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება,“ – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.









