კორონავირუსის ახალი შემთხვევები მეოთხეული გადაცემა არ არის

ცოტა ხნის წინ დადასტურებული სამი შემთხვევა არ არის მეოთხეული გადაცემა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ  განაცხადა.

„ახალგამოვლენილი ექვსი შემთხვევა კავშირშია ძველ შემთხვევებთან, ანუ ყველა ამ შემთხვევას ერთი ხაზი უკავშირდება, ხოლო რაც შეეხება ცოტა ხნის წინ დადასტურებულ სამ შემთხვევას, ეს შემთხვევებიც ცნობილ კონტაქტებს უკავშირდება. ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, კონკრეტულად ვის უკავშირდება, თუმცა, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური შესწავლა და მოგვიანებით ესეც გვეცოდინება. ეს არ არის მეოთხეული გადაცემა, რადგან ეს არის კონტაქტების ჯგუფში ჩატარებული შედეგები და ჯერ კვლავ ვრჩებით ცნობილი კლასტერების ფარგლებში“, – განაცხადა გაბუნიამ.