კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება

 კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ღამის 12:00 საათიდან თბილისის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც თბილისის მერია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად განახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ჩატარდება.  

“მოხდება იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი, რის შემდეგაც უშუალოდ დავიწყებთ გაჩერებებისა და მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს.თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო ყოველ დღე მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოკლას ის ბაქტერია, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის, შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს პრეპარატი ჯანმრთლობისთვის საშიში არ არის, ამიტომ არავის შეეშინდეს”, – განაცხადა კახი კალაძემ.