მარნეულის კლინიკაში,სადაც 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ქალაქ მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეპიდემიოლოგები იმ კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ, ვისთანაც მარნეულში ინფიცირებულ 62 წლის ქალს შეხება ჰქონდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში რამდენიმე ექიმი იმყოფება,რომლებსაც პაციენტთან შეხება ჰქონდათ.

ამ წუთებში,სამედიცინო ცენტრს დაცვის პოლიცია აკონტროლებს და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის პაციენტებსაც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით მარნეულში ადგილზე იკვლევს ვითარებას და კონტაქტებს. მათი დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ადამიანს შეეხება კარანტინის ზომები.

დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა,  მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს.