მარნეულის მერი-კორონავირუსის პრობლემა გლობალურია და არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით

მარნეულის მერის,ზაურ დარგალის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში არაერთ ქსენოფობიურ და ნეგატიურ განცხადებებს ეცნობა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი,მოუწოდებს  მოქალაქეებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ საკითხთან დაკავშირებით.

ზაურ დარგალის განცხადებით, კორონავირუსის პრობლემა გლობალურია და ის ადამიანებს ეთნიკური ნიშნით არ ასხვავებს. 

,,მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი სტატუსების გავრცელებას. არაერთ ნეგატიურ, არაფრისმომცემ და ქსენოფობიურ სტატუსებს, კომენტარებსა თუ განცხადებებს ვეცნობი სოციალურ ქსელებში. პრობლემა, სახელად კორონავირუსი გლობალურია და ამ გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დგას, იგი არ გამოყოფს ადამიანებს ეთნიკური ნიშნით. ამასთან, ვიცით, რომ ჩვენ, ყველა ვართ ტრადიციების მიმდევარი ხალხი და რიტუალები, როგორიცაა ქორწილები, დაკრძალვა და ა. შ ერთნაირი გვაქვს, რომელიც მყარადაა ჩვენში გამჯდარი, ამიტომ მარნეულშიც და საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც, რთულია მოქალაქეები ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების გამო დადგენილ საგანგებო რეჟიმს მყისიერად დაექვემდებარონ. ამიტომაც, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კამპანიები და ეფექტური ღონისძიებების გატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამომდინარე აქედან, მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მიუდგნენ აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან ისე, როგორც არასოდეს დღეს ერთმანეთის გვერდში დგომა, პატივისცემა და გაძლიერება გვჭირდება. ერთმანეთისადმი სიყვარული და ქვეყნის განვითარებისთვის ერთმუშტად ყოფნა, მრავალეთნიკურ მარნეულში თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობას წარმოადგენს. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო საქართველო გვაქვს, რომლის წინაშეც დიდი გამოწვევაა და ჩვენი ვალია ვიყოთ პროცესის მიმართ ადეკვატურები და მეტად მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. აქვე, ყველას ვთხოვ, დაუდგნენ სახელმწიფოს გვერდით, ისევე როგორც დღეს სახელმწიფო გვერდით უდგას მათ და ჩვენ ყველანი ერთად უფრო ადვილად დავამარცხებთ ამ პრობლემას -დარჩით სახლში და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია”, – წერს ზაურ დარგალი.