“მარნეულში ინფიცირებული ქალის 15 მჭიდრო კონტაქტია გამოკვლეული”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალის 15 მჭიდრო, ახლო კონტაქტია გამოკვლეული, საიდანაც 5 არის დადებითი. ასევე, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 90-მდე პირი იმყოფება, რომელთა მონიტორინგიც მიმდინარეობს.

როგორც მან განაცხადა, მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ სკრინინგი 53 000 ადამიანმა გაიარა.

„სოფელ-სოფელ დადიან ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ასევე რწმუნებულები და ყველას კითხავენ. ათეულობით ადამიანი გადაიყვანეს და დამატებითი კვლევა ჩაუტარდათ, ზოგის პასუხი დილით იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 83 შემთხვევაა დადასტურებული.