“მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე”

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, – განაცხადა გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.