“მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, საქართველო თანდათან ე.წ. კრიტიკულ ფაზაში გადავა.

მისი თქმით, მომდევნო სამი-ოთხი კვირა საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და საფრთხილოა.

როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში შემთხვევათა ნახტომისებური მატება არ დაფიქსირდეა.

“ყველა ქვეყანაში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ვსწავლობთ, დადასტურების პირველი შემთხვევიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ხდება გარკვეულად ძალიან საფრთხილო და საგანგაშო და უკვე როდესაც ფიქსირდება ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევა, ეს არის უკვე განგაშის სიგნალი, ამიტომ გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევის მატება.

შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილობრი ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს.

უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სამი, სადაც, ვფიქრობთ, შესაძლებელია გვაქვს უკვე შიდა გავრცელების პროცესი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.