მოპედის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თბილისში, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 

პოლიციამ ბრალდებულის მიერ მოპარული და გადამალული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.