გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავტომობილის მძღოლებს, რომლებიც ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონებში სურსათის და სხვა საჭირო პროდუქტის მარაგებს შეიტანენ სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ, მანქანებს კი სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავებენ.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებში სურსათისა და პირველადი საჭიროების პროდუქტებზე როგორიცაა – მედიკამენტები, საწვავი, საფინანსო სერვისები, მოსახლეობას დეფიციტი არ შეიქმნას.
“დამატებითი მოთხოვნები, დამატებითი გაიდლაინები და რეკომენდაციები არსებობს საკარანტინო ზონაში უშუალოდ სურსათის ოპერატორებთან დაკავშირებით, სადაც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები არის კიდევ უფრო გამკაცრებული, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ. ეს კითხვები ალბათ მოსახლეობას აწუხებს, რომ თვითონ საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას დეფიციტი, ერთის მხრივ სურსათთან, მეორეს მხრივ პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტთან. ეს ეხება როგორც მედიკამენტებს, ასევე, საწვავს, საფინანსო სერვისებს, ასევე სხვა იმ მნიშვნელოვან, აუცილებელ პროდუქციას, რომელიც მოსახლეობის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო. ამ კუთხით იცით, რომ ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია, მათ შორის შსს-სთან, იმ უწყებებთან, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზეა პასუხისმგებელი, რათა ორგანიზებულად მოხდეს ამა თუ იმ პროდუქტის რეგიონში შეტანა და ასევე მოძრაობა მძღოლების. ასევე, მათ სპეციალური ეკიპირება ექნებათ, მანქანების სპეციალური დამუშავება ხდება სადეზინფექციო ხსნარებით. ეს პროცედურები შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა დაავადების გავრცელების რისკი ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება, სამინისტროში არსებობს სპეციალური შტაბი, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის.