“მე მინდა ჩვენი მაღაზიის მეპატრონეებს იმ სოფლებიდან, რომლებიც ამ სისტემაში მუშაობენ ვთხოვო, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე არსებული ფასები შეინარჩუნონ. დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ბიზნესი ავაწყოთ ჩვენი მოქალაქეების გასაჭირზე,” – ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განაცხადა.
გოგი მეშველიანის ინფორმაციით, სასურსათო უზრუნველყოფის სისტემა გამართულად არის აწყობილი და მაღაზიებს სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.
„ჩვენ ამოვედით დაბა კაზრეთში, რათა ადგილზე მიგვედევნებინა თვალყური ჩვენი სასურსათო მაღაზიების სურსათით უზრუნველყოფის პროცესთან, გარდა ამისა გადაგვემოწმებინა ფასების ზრდის მაჩვენებელი. შეიძლება ითქვას, რომ სასურსათო უზრუნველყოფის სისტემა გამართულად არის აწყობილი, პრაქტიკულად არც ერთ მაღაზიას არ უთქვამს, რომ რამე შეფერხება აქვს სურსათის შემოტანასთან დაკავშირებით.
ძირითად პროდუქტებზე ასევე შენარჩუნებულია საგანგებო მდგომარეობამდე არსებული ფასები. იცით, რომ მთავრობამ ცხრა ძირითად პროდუქტზე დააზღვია ფასები კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, რომ ძირითად პროდუქტებზე კურსის სხვაობა უნდა იქნეს ანაზღაურებული მეწარმეებისთვის მთავრობის მიერ და ქსელებში რაიმე სახის ცვლილება ფასთან დაკავშირებით არ უნდა გვქონდეს.
ჩვენ მოქალაქეებისგან შემოგვდის განსხვავებული ინფორმაციებიც, განსაკუთრებით შედარებით მცირე სოფლებიდან და მე მინდა ჩვენი მაღაზიის მეპატრონეებს იმ სოფლებიდან რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში ვთხოვო, რომ შეინარჩუნონ საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე არსებული ფასები, დღეს ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ბიზნესი ავაწყოთ ჩვენი მოქალაქეების გასაჭირზე. არასდროს არ არის ამის დრო, თუმცა დღეს ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა.
მე ყველას ვთხოვ, რომ შემდგომში გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და ადმინისტრაციული ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით ვიყოთ ამ მიმართულებით.
ჩემი ინფორმაციით, ფასნამატები ძირითადად გამოწვეულია საცალო ქსელში და არა მომწოდებლების მხრიდან და ამ მიმართულებით ჯგუფები აქტიურად მუშაობენ, პირველ რიგში ეწევიან ახსნა განმარტებით სამუშაოებს.
მე ვფიქრობ, ამ ყველაფერს შედეგი ექნება, თუმცა მზად ვართ, რათა სათანადო ორგანოების ჩართულობით აღვკვეთოთ დაზღვეულ პროდუქტებზე ფასების მატება“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.