პაატა იმნაძე – ახალი დამატებული შემთხვევები, არ არის ახალი კლასტერები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით,  კორონავირუსით დაინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრები არიან.

იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები ახალი კლასტერი არ არის.  ამ დროისთვის კიდევ რამდენიმე პაციენტი ემზადება გაწერისთვის.

“განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის ისევ და ისევ ერთი ქალბატონი, რომელიც იყო მარნეულის შემთხვევა. კიდევ არის რამოდენიმე საყურადღებო ავადმყოფი, დანარჩენების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და კიდევ რამოდენიმე პაციენტი ემზადება გაწერისთვის.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში რაც იყო დღეს ახალი დამატებული შემთხვევები, არ არის რაღაც ახალი კლასტერები. ოთხი ადამიანი არის მარნეულელი ქალბატონის ოჯახის წევრები. მათთან ჰქონდა ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტი. გამოვიკვლიეთ ასევე მარნეულში სხვა პაციენტები, რომლებიც იმ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ, სადაც ეს ქალბატონი იწვა მარნეულში, ჯეო ჰოსპიტალში. ასევე პერსონალი „ჯეო ჰოსპიტალის“. ტესტირების შედეგად მათ ამ ეტაპზე ყველას უარყოფითი პასუხი აქვს. ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა და ჯერ ყველა უარყოფითია. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, თუ სად დაემატა ისინი, ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე, თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები, ასევე დაემატა აშშ-დან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები, ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა.”,-აღნიშნა აავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.