პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული მდგომარეობა 3 აპრილამდე გახანგრძლივდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამოქმედებული განსაკუთრებული პირობების ვადა 3 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ეს პერიოდი 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდეს.

“19 მარტს ამოიწურა პენიტენციურ სამსახურში 2-კვირიანი განსაკუთრებული პირობების მდგომარეობა, რომელიც იუსტიციის მინისტრის ნებართვის, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადა და 19 მარტსვე ეს პერიოდი გახანგრძლივდა 3 აპრილის ჩათვლით.

როგორც იცით, განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში აკრძალულია პაემნები, რამაც გამოიწვია სერიოზული დისკომფორტი მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებში და ჩვენ შესაბამის კომპანიასთან მოლაპარაკების გზით, ამ დისკომფორტის ნაწილობრივი კომპენსირება მოვახერხეთ და 16 მარტიდან მიმდინარეობს შეღავათი, რომელიც გულისხმობს 15-წუთიან უფასო სასაუბრო დროს ყოველი თვის განმავლობაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა..

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი სასამართლო პროცესზე არ გავა.

„24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებს და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებებიდან. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.