კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ყველა იმ სივრცეში, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში გარედან შემსვლელი პირი შეიძლება მოხვდეს. კერძოდ, საზოგადოებრივ მისაღებებში, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციულ შენობებში, სამედიცინო ნაწილში, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ოთახებში, საგამოძიებო ოთახებში და პატიმრების საცხოვრებელი კორპუსების დერეფნებში”, — წერია უწყების განცხადებაში.
სამუშაოები უკვე ჩატარდა #2, #3, #5, #6, #8, #11, #12, #14, #16, #17 და #18 პენიტენციურ დაწესებულებებში. 8 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება #7, #9, #15 და #19 პენიტენციურ დაწესებულებებში. 14 მარტს დეზინფექცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუტარდება.