პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, სამი პირი დააჯარიმა

 პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების წესით გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 „შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

 მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

 ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, ხოლო განმეორებით იგივე ქმედების ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“ გამოიწვევს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.