პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა პირმა, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შვილს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.