საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„მსოფლიო, რომელსაც საქართველო 30 წლის წინ კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელ ქვეყნად, დღეს სრულიად სხვა მახასიათებლების მატარებელია. საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იზოლაციაში გაატარა, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზა გაიარა. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა კუთხეში დაიმკვიდრეს თავი; საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი საზღვრები კი – სხვისთვის, და, რაც მთავარია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად, ხოლო ჩვენთან მიმდინარე მოვლენები – მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ვეღარ მოიაზრება. დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს და არავინ იცის, სად ამოფეთქავს და სანამდე გავრცელდება.
„ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება. უმუშევრობის, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიში პირდაპირ კვებავს პოპულიზმს, რომელიც ხან საზღვრების ხელახლა გამკაცრებას ქადაგებს, ხან – კედლების აღმართვას, ხან სხვის სიძულვილს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას – ძალადობას ქალთა მიმართ.
„ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში – ჩვენი ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას. სამწუხაროა, რომ ამ უძველესი კულტურის პატრონმა ერმა თითქოს დავივიწყეთ, რა არის კულტურა სინამდვილეში. კულტურა ხომ არც სხვადასხვა შემოქმედებითი დარგის ერთობლიობაა და არც გართობის ინდუსტრია. ღირებულებები, რომლებსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლებინა. ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას – ძალადობას ქალთა მიმართ. გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს და საქართველოში ყველას ყოველთვის ჰქონდა, აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა. ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში. სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს – ეს იყო გზავნილი ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ქართულ ჯარზეც ისაუბრა და განაცხადა,რომ ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია.
„მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია – სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს.
სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს. ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.
ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით – როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ახლახან, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს, მოვინახულე ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სკოლა. იქ დამხვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას
პარლამენტში პლენარული სესია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარდგეს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.
სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი.
ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა- პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.